სასწავლო პროგრამები

სასწავლო პროგრამა

საპატრიარქოს ახალციხის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სასულიერო სემინარია ახორციელებს თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამას. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ 2011 წლის 07 აპრილის N188 ბრძანების დანართის მე-5 მუხლის შესაბამისად. საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის შედეგები აღწერილია დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციებით და შეესაბამება უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ დარგობრივ სტანდარტებს. პროგრამის მიზანია ბაკალავრიატის აკადემიური განათლების ფარგლებში სტუდენტთა პროფესიული მომზადება და იმ სასწავლო კურსების თეორიული ასპექტების ღრმა ათვისების უზრუნველყოფა, რომლებიც ამზადებენ მათ სწავლის გაგრძელებისათვის შემდგომი აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურზე და პრაქტიკული პროფესიული საქმიანობისათვის. ამ მიმართულებით პროგრამის ამოცანაა იმ საკითხების სწავლება/შესწავლა, ანალიზი, ათვისება და გადმოცემა, როგორიცაა: თეოლოგიური ცოდნის საფუძვლები; ბიბლიის წიგნთა შინაარსი, ეგზეგეტიკა; ადამიანის ისტორიულ-კულტურული იდენტურობა, ცოდვით დაცემა და მისი შედეგები; ქრისტიანობა და ზოგადად, რელიგიის როლი თანამედროვე მსოფლიოში. რელიგიის ფენომენის სისტემატური და მეცნიერული გააზრება, მისი ჭეშმარიტება, საზრისი და მნიშვნელობა; მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სწავლა-მოძღვრება და კულტურა. სამყაროს შექმნის მიზანი, ადამიანის დანიშნულება, სიკეთის და ბოროტების რაობა, ქრისტიანული ცხოვრების წესი, დოგმატები და საეკლესიო საიდუმლოებები, ღვთისმსახურებების სახეები და რანგები; ეკლესიის წმიდა მამათა მოღვაწეობა, საეკლესიო ღვთისმეტყველება, ეკლესიის ისტორიის ეპოქალური დანიშნულების გაღრმავებული გაგება და წვდომა. მიმდინარე საბაკალავრო პროგრამის შედეგად, სტუდენტი მიიღებს კვალიფიკაციის მისაღებად დადგენილი სტანდარტების შესაბამის სისტემურ ცოდნას ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ექნება ფუნდამენტური სამეცნიერო და პრაქტიკული მომზადება, შეეძლება მუშაობა დარგობრივ ლიტერატურასა და წყაროებთან, ასევე სრულყოფილად დაეუფლება მართლმადიდებლურ დოგმატურ ღვთისმეტყველებასა და სამოძღვრო წეს-ჩვეულებებს. თეოლოგიის ბაკალავრს კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია დასაქმება როგორც სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, ისე შესაბამის პრაქტიკულ სფეროში.